დავით ფიფია
დავით ფიფია დაიბადა 2001 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ამავე სოფლის საჯარო სკოლაში, სადაც ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა ინტერესები როგორც სპორტის, ასევე შემოქმედების მიმართ.
პოეზია მის ცხოვრებაში არ მოსულა ხმაურით ის ნელა, უხმაუროდ დაიბადა. 16 წლის ასაკში პირველად გაბედა საკუთარი შინაგანი სამყაროს სიტყვებად ქცევა და მას შემდეგ ლექსი მისთვის არა მხოლოდ სათქმელი, არამედ სუნთქვის ფორმაც გახდა.
დავით ფიფია არის პოეტური კრებულის — „უნდა შეგვეძლოს“ ავტორი, სადაც სიტყვა უკვე გამოცდილებად იქცა, ხოლო განცდა გზად, რომელსაც მკითხველი თან სდევს.
მისი პოეზია არის ძიება საკუთარი თავის, სამშობლოს, დროის და იმ უხილავი საზღვრების, სადაც ტკივილი და სილამაზე ერთმანეთს ერწყმის. მის ლექსებში ხშირად ისმის ქარის ხმა, იგრძნობა მიწის სუნი და ჩანს ის საქართველო, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიაა, არამედ სულიერი მდგომარეობა.
დავით ფიფია არის საქართველოს მწერალთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდული გუნდის წევრი — თაობის, რომელიც სიტყვით ცდილობს ეპოქის განცდის გადარჩენას.
ამასთან, იგი სწავლობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებით, რაც მის შემოქმედებას კიდევ უფრო სიღრმესა და ანალიტიკურ ხედვას სძენს.
ის წერს ისე, როგორც ცხოვრობს — უშუალოდ, გულწრფელად და შიგნიდან დანახული სიმართლის რწმენით.
ჩემი სამშობლო
ან კი რა არის სახატე?
სხვისი სულ ღმერთმა მაშოროს
ვხედავ, ჩემიც ვერ დავხატე.
ვერ გავცდი ჭრელ-ჭრელ ოცნებას,
ვფაფხურობ და ვიკარგები,
რაც იყო — განა მოძველდა?
მე მივიხურე კარები...
ვაჟამ არწივი აფრინა,
ტატომ მერანი დაღალა,
მერცხალი შემოაფრინა
სულში წერეთლის „ბაღანამ“.
მუხრანი იდგა — დაეცა,
იჯდა, წამოდგა ქართველი,
იაშვილს ტყვია გაექცა
მიდამოებში საფეთქლის.
და პროცესიაც დაიძრა —
იქ დარდი, სევდა, სანთელი,
აღმაფრენების ქარიშხალს
ვერ დაემალა გრანელი.
მთვარეს არ უნდა არავინ,
ესაუბრება ტაბიძეს,
ტრფობა აქვს დაუფარავი
და ეს რას ნიშნავს, გაფიცებთ?!
აი ნამდვილი ეპოქა —
აქ მამას შვილი უზრდია,
მთელს გალაქტიკას ეყოფა
ორივე გამსახურდია!
აქ რუსთაველი მოვიდა —
ასარჩევია? ავირჩევ
ნებისმიერი ორიდან
„ვეფხისტყაოსნის“ კარიბჭეს.
ლადომაც ბევრი იცოდა,
ბიჭებსაც წლები დააკლდათ,
მირზა იქ სადღაც ისროდა,
გურამი ზღვაში გადახტა.
წვიმს — მისველდება აურა,
დღეებით მზეზე გამომშრალ,
სიმშვიდე მოშინაურდა —
სიმშვიდე ღმერთის გამოცდაა.
ვხედავ — ხელიდან წავედი,
თავზე მენგრევა ჩემი ცა,
მახრჩობს ვერ თქმული წამები,
მინდა დუმილი შევიხსნა.
„ჩემი ხატია სამშობლო“ —
სამშობლო ჩემი გულია,
მე უშენობა მაშოროს
ღმერთმა — უშენოდ რთულია...
ვიხსენებ ტატოს, ილიას,
რუსთაველს, ვაჟას, აკაკის,
გალას, ტერენტის, ტიციანს
და ღმერთის ყველა ჩანაფიქრს.
ვიხსენებ აღმაშენებელს,
ვიხსენებ ყველა წამებულს,
ეპოქის ყველა მშენებელს,
სპორტსმენებს, გმირებს — რამეთუ...
ქვეყანას ჭირი მოედო,
ისინიც აღარ არიან.
ხმა ამოიღე, პოეტო,
ხომ იცი — ერთი წამია
სიცოცხლე, როგორც ასახვა,
როგორც სხვაგვარი მომენტი.
მიზნად სამშობლოს დავსახავ,
ასე იზამდა პოეტი.