LIVE
📰 მერაბ კვიცარიძის ლექცია „ცისფერყანწელებზე“ და მეგობრობის უკვდავყოფა   |   📰 🕊️ ლიტერატურა მშვიდობისთვის: „კოლხური დიადემის" ღონისძიებამ ზუგდიდში ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყო
სოფიკო ბუკია

სოფიკო ბუკია

სოფიკო ბუკია დაიბადა 1986 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ხობში. განათლებით ეკონომისტია. საქართველოში მუშაობდა საბანკო სფეროში, საპასპორტო განყოფილებაში და სხვადასხვა ბიზნესპროექტში, თუმცა მისი მთავარი შინაგანი სივრცე ბავშვობიდანვე სიტყვას, ხელოვნებასა და შემოქმედებას უკავშირდება.

პირველი ლექსი ცხრა წლის ასაკში დაწერა. მისთვის წერა თვითგამოხატვის, ფიქრისა და შინაგანი დიალოგის ფორმაა. მის პოეზიაში იგრძნობა სამშობლოს სიყვარული, ემიგრანტული მონატრება, ადამიანის სულიერი მდგომარეობა და ფესვებთან დაბრუნების სურვილი.

2018 წლიდან სოფიკო ბუკია ემიგრაციაში ცხოვრობს. უცხო გარემოში ყოფნამ მას კიდევ უფრო მკაფიოდ დაანახა ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის მნიშვნელობა. მან განაგრძო განათლება და მიიღო ბოლონიის უნივერსიტეტის დიპლომი.

2025 წელს მისი ლექსები დაიბეჭდა მრავალენოვან კრებულში „ატლასი“. ეს გამოცემა ავტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მას „კოლხეთის მზეს“ უწოდებს.

სოფიკო ბუკიას შემოქმედებითი გზა უკავშირდება პოეზიას, თარგმანსა და ქართულ კულტურას ემიგრაციაში. აღსანიშნავია, რომ მან საკუთარი წიგნი თავად თარგმნა.

2026 წლის 25 აპრილს, სიცილიაში, ქალაქ პალერმოში გამართულ მსოფლიო ხელოვანთა გამოფენაზე, მისმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და იგი ფესტივალის ლაურეატი გახდა.

სოფიკო ბუკიასთვის შემოქმედება მხოლოდ პირადი გზა არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა ქართული სიტყვის, კულტურისა და სამშობლოს წინაშე. მისი მიზანია, საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ქართულ საქმეს მოახმაროს.

ახლო მომავალში იგი ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ მოდენაში, საკვირაო სკოლის გახსნას გეგმავს, სადაც ბავშვები ხელოვნებასთან ერთად ქართულ ენასაც შეისწავლიან.

დღეს სოფიკო ბუკია მუშაობს ახალ პროექტზე — ცნობილი პოეტის წიგნზე, რომელსაც უახლოეს მომავალში ფესტივალზე წარადგენს.

მისი მთავარი გზავნილია: არასოდეს დანებდეთ. ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, ხვალისთვის არ გადადოთ. ცხოვრება ყოველთვის გაძლევთ შანსს, იპოვოთ საკუთარი გზა.

ტკივილი

✍️ სოფიკო ბუკია
👁️ 22 ნახვა
მაინც… სიხარული ქრება
და დრო, ულმობელი, მიქრის...
გული ფიქრს გამოება,
გული გალეული თითქმის...

მაინც… დასასრული მოვა,
ლოცვად დაიღვრება წამი,
მაინც… ქარი შეწყვეტს გლოვას...
შენ ვერ იგრძნობ, როგორ მწამდი.

მაინც მომიხელთებს სევდა,
ფიქრში — წასულ დღეთა სიმწრის,
გულს ვერ დაეხსნები ვერსად,
გულმა აჩემება იცის.

მაინც… შევერწყმები მიწას,
ცრემლის წვიმებისგან სველი,
გარეთ ჩამოწვება ის ცა,
მწუხრზე რომ უელავს ფერი.

მაინც… გამომყვება ფიქრში
დაუოკებელი ჩვევა,
იქნებ სიყვარულიც მიდის,
იქნებ არაფერიც რჩება?

მაინც… აღმართს უნდა ავყვე,
წუთი შევაგროვო ბევრი...
დარდად ქცეული გულის ნაცვლად
დიდი ცისარტყელით გელი...

მაინც… მარტო ავალ აღმართს,
მაინც არაფერი დამღლის,
როცა მე აღარ ვიქნები,
მოვა დასასრულიც ამ დღის.

ნეტავ, გავფრინდები საით,
ანდა რომელ გზებზე ვივლი...
იქნებ კვლავ გამოჩნდე წამით,
მე ხომ სიყვარულით გიცდი.
← ყველა ლექსის ნახვა