LIVE
📰 მერაბ კვიცარიძის ლექცია „ცისფერყანწელებზე“ და მეგობრობის უკვდავყოფა   |   📰 🕊️ ლიტერატურა მშვიდობისთვის: „კოლხური დიადემის" ღონისძიებამ ზუგდიდში ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყო
ლაშა გახარია

ლაშა გახარია

პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

დაიბადა 1947 წლის 11 ოქტომბერს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში. გარდაიცვალა 2004 წელს, 56 წლის ასაკში.

იგი დაიბადა რეპრესირებულთა ოჯახში. ლიტერატურული ნიჭი ჯერ კიდევ სკოლის წლებში გამოავლინა — პირველი ლექსი 1966 წელს ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთ „ნაპერწკალში“ გამოაქვეყნა. შემდგომში მისი ლექსები დაიბეჭდა „ახალგაზრდა კომუნისტშიც“.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ლაშა გახარიამ 35 წელი მიუძღვნა ქართულ პრესას. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტისა“ და „კომუნისტის“ პასუხისმგებელ მდივნად, განყოფილების გამგედ, ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები 70-90-იანი წლების ქართულ პრესაში. ახალგაზრდა ასაკში, 35 წლისას, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.

ლაშა გახარიას პირველი პოეტური კრებული — „მუზის პაუზა“ — 2003 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოიცა. პოეტის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი არაერთი კრებული, მათ შორის: „99 და ერთი“, „პოეტი მაინც... ერთი ლექსია“, მეგრული ლექსების კრებული „ირიათონი“ 2005, „100 ლექსი“ 2006 და „ჭარაშიგეშა“ 2013.

მისი შემოქმედება გამოირჩევა პოეტური გულწრფელობით, ეროვნული განცდითა და ქართული სიტყვისადმი ერთგულებით. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი, როდესაც პოეტურმა ხმამ მკაფიო და დასამახსოვრებელი ფორმა მიიღო.

ლაშა გახარია იყო საქართველოს მწერალთა კავშირის და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. მიღებული აქვს ლადო ასათიანის, გიორგი ლეონიძისა და ტერენტი გრანელის სახელობის პრემიები. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“ პრემია.

პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად მის მშობლიურ სოფელ მუხურში დაწესდა მისი სახელობის დღესასწაული, გაიხსნა ლაშა გახარიას მუზეუმი, ხოლო მუხურის ასწლოვან საშუალო სკოლას მისი სახელი ეწოდა.
მისი პოეზია განსაკუთრებით გამოირჩევა მეგრული ენის ფენომენალური ცოდნით, ლექსიკური სიმდიდრით და მოქნილობით. მიიჩნევა, რომ მისი მეგრული ლექსების სხვა ენაზე თარგმნა თითქმის შეუძლებელია მათი უნიკალური ჟღერადობისა და სტრუქტურის გამო.

მუხური

✍️ ლაშა გახარია
👁️ 13 ნახვა
ხემარდიანი ნანათა,
მუხებით გადამუხლული,
მთაზე მიწნული კალათა
ჩემი ლახარა მუხური.

"ქუხნაზე" კვამლი-ყვავივით,
გზა-გაწელილი ხურბელი.
დილიდან ამოყვანილი
ჭყინტი ყველივით ღრუბელი.

ბაგეკარკალა ორკოლი,
წყარო კლდე-ძვლებში გამძვრალი,
ცირა-თვალჭიაკოკონა...
ბროწეულების ხანძარი!

ხეზე ამძვრალი კაჭიჭი,
ოჩოფეხება ბეღლები.
ჭალაკი-ჭინკას პაჭიჭი,
დევინაღველა ლეღვები.

ხობწყარი-ნაცხა სათვალით,
ღარზე წისქვილის ხველება,
ხირკე ლაგვანში ჩამთვრალი...
გრძელ ღამის ჩადღეგრძელება!

კაცები შუბლზე მაღლები!
ხატისთვალება ქალები.
ბაშლაყიანი მაყრები
მათრახიანად მთვრალები...

ჭიშკრები შუბლზე ნალებით
ფაცხა-ჯარგვალზე მიფსკვნილი
ჭყინტად შეჭმული ყანებით
გაწბილებული წისქვილი.

გახარებული ყებური
მეთაქვის თავსასთუმლობით.
ძაღლიან აცეკვებული
ოჯახი-მოყვრის სტუმრობით.

ოხუნჯობენ და პურობენ
აბედს სინჯავენ კვესებით.
ფანდურზე დალეკურობენ
ვაჟა ფშაველას ლექსები.

ჯანსულო!.. ვოისა ვარადა!..
გულში სულჩასაწობელი
უფლის და კაცის ბალადა
ერთი კალათა სოფელი.
← ყველა ლექსის ნახვა